ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

მოსაკრებლის გადახდა

საქართველოს კანონი
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს კანონი ადგენს „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის ასლის
გადაღების მოსაკრებლის ოდენობასა და მისი გადახდის წესს.
2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ საინფორმაციო მომსახურებაზე, რომლის გაწევისათვის
შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილია საფასური.
მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების ცნება
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღება არის საჯარო ინფორმაციის დედნიდან ტექნიკური საშუალებების
გამოყენებით, ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების გარეშე ინფორმაციის ზუსტად გადატანა
(ჩაწერა, გადაღება) ინფორმაციის მატარებელზე (ფურცელი, კომპაქტური დისკი, დისკეტა, აუდიო და
ვიდეოკასეტა).
მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ცნება
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს
ბიუჯეტში, რომელსაც იხდის საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირი შესაბამისი ორგანოს
მიერ ასლის გადაღებისათვის.
მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელები
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელები არიან საჯარო ინფორმაციის
მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირები.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე ადმინისტრაციული
ორგანო, თუ მის მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ასლის
გადაღების მოსაკრებლის ოდენობა აღემატება 50 ლარს.
მუხლი 5. სხვა გადასახდელის შემოღების დაუშვებლობა
დაუშვებელია საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებაზე ამ კანონით გაუთვალისწინებელი სხვა
გადასახდელის დაწესება.
მუხლი 6. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:
ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს;
ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს;
გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს;
დ) დისკეტაზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკეტა – 1,3 ლარს;
ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს;
ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს.
მუხლი 7. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის
გადაღებისას.
მუხლი 8. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის წესი
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი გადაიხდება საჯარო დაწესებულების სალაროში
ან/და საბანკო დაწესებულების მეშვეობით როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, საჯარო
დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით. ამასთანავე, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია
განსაზღვროს წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის
მინიმალური ოდენობა.
2. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ასლი გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის
ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ, გარდა ამ მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის №1540-სსმI, 03.08.2009წ., №21 , მუხ.123
მუხლი 9. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
http://

მოსაკრებლის გადახდა

გააზიარე