ტრადიციები და დღესასწაულები მუნიციპალიტეტში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აღინიშნება საეკლესიო და სახალხო დღესასწაულები:
„ჰერეთობა“ - სახალხო დღესასწაული ტრედიციულად შემოდგომაზე აღინიშნება. ადგილობრივ მოსახლეობას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საშუალება ეძლევა გაეცნონ მუნიციპალიტეტის მიღწევებს; საპატიო მოქალაქეების, წარმატებული სპორტსმენების, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების დაჯილდოვებას. კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობენ ქორეოგრაფიული, საესტრადო და ხალხური ანსამბლები. ჰერეთობის დღესასწაულზე იმართება სპორტული შეჯიბრებები, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და სხვა კულტურული ღონისძიებები.
„თევდორობა“ - წმინდა თევდორეს ხსენების დღე. აღდგომიდან შვიდი კვირით ადრე სოფელ ლელიანში აღინიშნება, სადღესასწაულო წირვის შემდეგ იმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები.
„მამუკაობა“ - 9 აპრილის ომში დაღუპული მამუკა ნოზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე - 9 აპრილს სოფელ კართუბანში აღინიშნება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გვირგვინით ამკობს მამუკა ნოზაძის საფლავს, აღევლინება სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.
„კოსტაობა“ - გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღინიშნება 21 სექტემბერს სოფელ არეშფერანში, სადაც იმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები; აგრეთვე, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ დააგემოვნონ ქართული ტრადიციული კერძები და ეზიარონ ქართული სუფრის ადათ-წესებს.
„გიაობა“ - აფხაზეთის ომში დაღუპული გია დუღაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე - ივნისის თვეში სოფელ თამარიანში აღინიშნება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთან გვირგვინით ამკობს გია დუღაშვილის საფლავს; აღევლინება სულის მოსახსენიებელი პარაკლისი; იმართება ფეხბურთის ტურნირი და კონცერტი.
„ნოვრუზ-ბაირამობა“ - ახალ დღეს, დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ. ნოვრუზ-ბაირამობა საქართველოში მცხოვრები ერთნიკური აზერბაიჯანელების ეროვნული დღესასწაულია და მარტის თვეში სოფელ კაბალში აღნიშნება. ღონისძიებაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, მხიარული და საზეიმო მუსიკის თანხლებით მართავენ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს.