ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უნიკალური სასმელები და კერძები მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საოცრად სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ლაგოდეხში  კუთხურმა და ეთნიკურმა მრავალფეროვნებამ, ქართველებთან ერთად პოლონელების, რუსების, აზერბაიჯანელების, ოსებისა და   სომხების თანაცხოვრებამ, გარკვეული გავლენა იქონია და ერთგვარად განაპირობა აქაური სამზარეულოს ნაირგვარობა. ტრადიციულ ქართულ კერძებთან (საცივი, ღომი, მწვადი, თევზეულით მომზადებული კერძები, ხაშლამა, ხინკალი, იმერული ხაჭაპური, ნიგვზიანი ფხალეული, რაჭული ლობიანი) ერთად, ლაგოდეხში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ოსური ხაბ იზგინი, ბაქლავა, აზერბაიჯანული ქაბაბი, სომხური ტოლმა...

ლაგოდეხში, ისევე როგორც მთელს კახეთში უფრო პოპულარული ხორცის კერძებია, რაც მეცხოველეობის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ტრადიციული კერძებია:

მწვადი,

ხაშლამა,

ჩაქაფული,

ჩიხირთმა და სხვა.

დელიკატესად ითვლება სუკის მწვადი. მწვადი ძირითადად ვაზის ლერწზე იწვება, რაც მწვადს განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ხორცს სპეციალურ ჩხირებზე-შამფურზე აგებენ, რისთვისაც ხშირად თხილის ხის ჯოხს გამოიყენებენ. წალამი და თხილის შამფური მწვადს განსაკუთრებულ არომატს სძენს. ასევე კახურ სუფრას ამშვენებს თევზისგან მომზადებული კერძები და ხილ-ბოსტნეული. სუფრას თან ახლავს ტრადიციული სოუსი-ტყემალი, რაც ქართული სამზარეულოს აღმოჩენად ითვლება.

ლაგოდეხში ცხვება ტრადიციული მოგრძო ფორმის „შოთი“ პური. „შოთი“ პური ნავისებური ფორმის სპეციალურ ღუმელში - თონეში გამომცხვარი პურია. თონე - თიხისაგან გამოყვანილი, გამომწვარი, აგურით ან ქვით გარშემორტყმული ნაწილობრივ მიწაში ჩაფლული ღუმელია. თონე ნაკვერჩხალზე ღვივდება, მის გაცხელებულ კედლებზე ცომი ეკრობა და თანაბრად ცხვება.

ძალზედ პოპულარულია ყურძნის წვენისგან დამზადებული დესერტი - ფელამუში (თათარა) და ჩურჩხელა.  ჩურჩხელას ტრადიციულად, ყურძნის კრეფის დროს - რთველზე ამზადებენ. წვენი ნელ ცეცხლზე იხარშება, შემდეგ ფქვილით აზავებენ და მასში ძაფზე აცმულ ნიგოზს ან თხილს ავლებენ. ჩურჩხელა მეტად სასარგებლო და ნოყიერი საკვებია. ძველ დროში ჩურჩხელა და ტყლაპი ქართველ მეომრებს მიჰქონდათ ლაშრობებში, რადგან იგი მცირე ადგილს იკავებდა, მეტად მაწიერი და არამალფუჭებადი იყო.

ალკოჰოლური სასმელებიდან პოპულარულია ღვინო რქაწითელი, ადესა, ჭაჭის არაყი, ადგილობრივი წარმოების ლუდი.

გააზიარე