ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბუნება და კლიმატი

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს უძველესი დაცული ტერიტორიაა. იგი დაარსდა 1912 წელს, მაშინდელი რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ, თუმცა მისი ისტორია კიდევ ადრე იწყება.

ლაგოდეხში ნაკრძალის შესაქმნელად დიდი შრომა გაწიეს „ტარტუს უნივერსიტეტის“ პროფესორმა-მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ნიკოლოზ კუზნეცოვმა და იმ დროს ლაგოდეხში მოღვაწე, წარმოშობით პოლონელმა, ასევე მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ლუდვიგ მლოკოსევიჩმა, რომლის შეგროვილმა კოლექციებმა და ნაშრომებმა მთელი ევროპის სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

თავდაპირველად ნაკრძლის ტერიტორია 3500 ჰა-ს შეადგენდა, შემდეგ თანდათანობით გაფართოვდა. 2003 წელს ნაკრძალის ისტორიაში მოხვდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ნაკრძლის 6000 ჰა-ით გაფართოვებისა  და სახელწოდების შეცვლის შესახებ. ამჟამად ნაკრძალს ჰქვია „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები“ და მისი ფართობი 24 ათას ჰა-ზე მეტია, სადაც მცირედი ნაწილი აღკვეთილია, ხოლო უმეტესი ნაწილი ნაკრძალი.

„ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები“ მდებარეობს საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე და ვრცელდება ზღვის დონიდან 500-3500 მეტრ სიმაღლემდე. აქ თავმოყრილია საქართველოს ფლორის ¼, ანუ 1500-მდე სახეობა. ლაგოდეხის ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია, აქედან  7 კახეთის, პრაქტიკულად კი თავად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ვიწრო ენდემს წარმოადგენს, რომელთაგან აღსანიშნავია: ,,ლაგოდეხის ნაღველა,, (Gentiana lagodechiana), ,,ლაგოდეხის იორდასალამი,, (Paeonia lagodechiana), ,,ლაგოდეხის თეთრყვავილა,, (Galanthus lagodekhianus) და სხვა. ტყეები ძირითადად ფართოფოთლოვანია, რომელიც უნიკალურ მასივებს ქმნის, დომინირებს წიფელი, რცხილა, მრავლადაა ძვირფასი ჯიშები:  მუხა, კაკალი, წაბლი, დათვის თხილი, ცაცხვი, ლაფანი და სხვა.

დაცული ტერიტორიების ბუნებრივი პირობები და ადგილმდებარეობა შესანიშნავ პირობებს უქმნის საქართველოში გავრცელებული ფაუნის შენარჩუნება-გამრავლებას, რაც ერთობ საგულისხმოა. აქ შევხვდებით: კავკასიურ ჯიხვს, არჩვს, ირემს, შველს. მტაცებლებიდან: მგელს, დათვს, ტურას, მელას და სხვა. ბინადრობს ფრინველთა 150 სახეობა, რომელთა რიცხვი ზაფხულობით საგრძნობლად იმატებს. მთის მდინარეებში თავს კარგად გრძნობს იხტიოფაუნა, მრავლადაა ქერცლფრთიანები.

აღკვეთილში ნებადართულია საფეხმავლო და საცხენოსნო ტურისტული მარშრუტები.  დაცული ტერიტორიების  საინფორმაციო ცენტრში შესაძლებელია ვიდეო მასალის ნახვა, მუზეუმის დათვალიერება, მარშრუტების შერჩევა. www.apa.gov.ge

 


 

 

ჰავა

მუნიციპალიტეტის ტერიტორია ძირითადად მოიცავს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული კონტინენტური კლიმატის ზონას, რომელსაც ჩრდილოეთით, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე ესაზღვრება  მთისა და მაღალი მთისთვის დამახასიათებელი შედარებით ვიწრო ზონები. სიმაღლეები აღნიშნულ ტერიტორიაზე მატულობს ზღვის დონიდან 2000 მ-დან (ალაზნის ნაპირები) 3400 მ-მდე (კავკასიონის წყალგამყოფი) ტერიტორიის დახასიათება მოხდა ლაგოდეხის მეტეოსადგურით, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 435მ სიმაღლეზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამახასიათებელია ზომიერად ნოტიო ჰავა ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ზაფხულის ტემპერატურა +12.6oc–ია  ყველაზე ცივი თვის (იანვარი) საშუალო ტემპერატურა +0.9c-ია. ყველაზე ცხელი თვის (ივლისი–აგვისტო) საშუალო +24.1oc, აბსოლუტური მინიმუმი –23oc, ხოლო აბსოლუტური მაქსიმუმი +38 oc. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა 72%–ს შეადგენს, ნალექების წლიური ჯამი 1004 მმ, რომლის თვიური ჯამების მაქსიმუმი, როგორც წესი, მაისის თვეში მოდის და შეადგენს 143 მმ–ს, ხოლო მინიმუმი – იანვარში 36 მმ-ს. ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 1.1 მ/წმ უდრის. მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად, გაბატონებულია ჩრდილო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მიმართულების ქარები.

 


რელიეფი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია რთული მთიანი რელიეფითა და გეომორფოლოგიური სტრუქტურით ხასიათდება, რომლის ფორმირებაში მთავარი როლი მდინარეულ ეროზიას მიუძღვის. ძველი გამყინვარების კვალი მყინვარული რელიეფისა და მონერულინაფენების სახით სუსტადაა გამოხატული და ძირითადად, თხემისპირა ზოლში და ქოჩალის მწვერვალზე გვხვდება.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხუთი წყალგამყოფი ქედია: მსხალგორის, უღელტეხილის, ნინიგორის, კუდიგორის და ქოჩალოს. ეს უკანასკნელირთული მთიანი სისტემაა და თავის მხრივ, მოიცავს მრავალ გვერდით შტოქედსა და ხეობას.

რელიეფი სიმაღლის მიხედვით იცვლება. დაბალ სიმაღლეებზე 400–დან  500 მ–ზე და რელიეფი შედარებით  რბილია. მდინარეების კალაპოტები განიერია და ფერდობები ზომიერად დაქანებულ – 5–8%. 500 მ-ის  ზემოთ რელიეფი მეტად რთულდება, ბევრია ღრმა ხეობა და ციცაბო კლდოვანი ფერდობები. რთული რელიეფი დომინირებს ზღვის დონიდან 1550 მ-მდე. საშუალო დაქანება 20–25%-ია. განსაკუთრებით    ციცაბოა  სამხრეთი ფერდობები, სადაც დაქანება 60–საც კი აღწევს. ჩრდილოეთის ექსპოზიციის ფერდობები ნაკლებად დაქანებულია. ზღვის დონიდან 1800–2000მ–ის სიმაღლეზე რელიეფი მეტად დანაოჭებულია. თუმცა დაქანება ჩვეულებრივ მცირეა 15–20 %. 2000–2600 მ სიმაღლეზე  ისევ დომინირებს დიდი დაქანების 30–40%   ეროზიული და ციცაბო კლდოვან–ნაშალიანი ფერდობები. ზღვის დონიდან 2600–2850 მ–ზე მყინვარული რელიეფი ხასიათდება რბილი ფორმებითა და მაღალმთის ტალღური კალთებით, უფრო ზემოთ კი ჭარბობს დიდი დაქანების კლდე–ნაშალიანი ფერდობები და გაშიშვლებული კლდეები.  

ამინდის პროგნოზი

გააზიარე