ლაგოდეხში ახალმა ა(ა)იპ-ი „ლაგოდეხის სერვის ცენტრმა“ სამუშაოების შესრულება დაიწყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახლად შექმნილი ა(ა)იპ-ი „ლაგოდეხის სერვის ცენტრი“ სამუშაოების შესრულებას შეუდგა. დღეს, აღნიშნული ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ტექნიკის მეშვეობით ქალაქში შემოსასვლელი მდ. ლაგოდეხის ხევის მიმდებარე ტერიტორია ეკალ-ბარდისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. მომავალში მსგავსი დასუფთავების სამუშაოები ქალაქის სხვა ქუჩებშიც აქტიურად შესრულდება.
დასუფთავების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ახალი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. როგორც ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა, ეს იქნება ა(ა)იპ-ი, რომელიც შეასრულებს მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე ყველა სამუშაოებს. „ლაგოდეხის სერვის ცენტრი“ დასუფთავებასთან ერთად განახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებებს, სოფლებისა და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, ბაღებისა და პარკების მოვლა - პატრონობას, გარე განათების საშუალებების აღდგენა - განახლებას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების და სასმელი წყლის მაგისტრალების მოვლა პატრონობას და სხვას.