ისტორია

           ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე თბილისის გუბერნიიის სიღნაღის მაზრაში   შედიოდა. 1921 წლიდან საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ - ტერიტორიული დაყოფით სიღნაღის მაზრაში, 1930 წლიდან დამოუკიდებელი რაიონია.

თანამედროვე ლაგოდეხი უძველესი ისტორიული ტერიტორიის ადგილას აღმოცენდა, რომელიც ჯერ ალბანთა ქვეყნის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ჰერეთის ადრეფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში, შემდეგ კი დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროდ ჩამოყალიბდა. მოგვიანებით რანთა და კახთა სამეფოს შემადგენლობაშია, ხოლო შემდეგ კახეთის სამეფოსთან ერთად ერთიანი ფეოდალური საქართველოს ორგანული   ნაწილია.

ლაგოდეხის სახელწოდება პირველად მოიხსენიება ჯუანშერის მატეანეში » ცხოვრება და მოქალაქეობა ვახტანგგორგასალისა », რომელშიც დამოწმებულია ტოპონიმი « ლაკუასტი », ანუ « ლაკვასტი » ( ფუძე –« ლაკვა »_ სულხან საბას განმარტებით წყლიან ადგილს ნიშნავს ).

ლაკუასტის სახელით ცნობილია ციხე - სიმაგრე, რომლის ფრაგმენტიც ქალაქ ლაგოდეხში ყაზბეგის ქუჩაზეა შემორჩენილი. ისტორიული წყაროები ლაკუასტის ციხეს მეფე არჩილის (668-718) სახელს უკავშირებენ. ასევე ცნობილია, ის ფაქტიც, რომ მე -7 საუკუნეში,   ლაგოდეხის ბუნების სილამაზით მოხიბლულმა მეფე არჩილმა ააგო საზაფხულო რეზიდენცია « მაჭის ციხე »( თოღა ), რომელიც მდებარეობს მდ . მაწიმისწყლისა და ბნელი ხევის შესართავთან , ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე .

თვით ტოპონიმი « ლაგოდეხი » უფრო გვიან მე XI- ს - ში გვხვდება და XIX საუკუნის დასაწყისისთვის საბოლოოდ მკვიდრდება. 1831 წელს აქ დაარსდა სამხედრო   დასახლება ამავე სახელწოდებით, რომელიც 1857 წელს სამოქალაქო დასახლებად გადაკეთდა.   იმავე წლიდან საფუძველი ჩაეყარა დაბას, სადაც თანდათანობით ჩასახლდა ქართული მოსახლეობა.

შაჰ - აბასის შემოსევებისა და მოძალებული ლეკიანობის შემდეგ ჰერეთის უძველესი მიწა, დღევანდელი ლაგოდეხის ტერიტორია, ქართველებისგან სრულიად დაიცალა. მეფის რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებდა არაქართველი მოსახლეობის ჩამოსახლების პოლიტიკას. ერთი - მეორის მიყოლებით იქმნებოდა რუსული დასახლებები . ასეთი დასახლებებია სლობოდკა ( დღევანდელი კალინოვკა ), რომანოვკა . . .

მოწინავე ქართველი ინტელიგენცია კარგად ხედავდა, რომ   ქართული ფუძის ყოფნა – არყოფნის საკითხი საფრთხის ქვეშ იდგა . ილია ჭავჭავაძის, წერა - კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და სათავადაზნაურო ბანკის აქტიური მოღვაწეობის შედეგად იწყება იმერეთის, რაჭისა და კახეთის რაიონებიდან ქართველთა მასობრივი ჩამოსახლება ლაგოდეხში . სწორედ ილიასა და მისი თანამოაზრეების შედეგია ის, რომ ლაგოდეხის ტერიტორიას ქართული სული  შეუნარჩუნდა.       

იმერლებმა, რაჭველებმა, მეგრელებმა, სვანებმა, გურულებმა . . . . . მოიყარეს თავი ამ პატარა და უაღრესად კოლორიტულ კუთხეში. ქართველებთან ერთად აქ ჰარმონიულად თანაცხოვრობენ რუსები, პოლონელები, აზერბაიჯანელები, ოსები, სომხები . . . .

ლაგოდეხის მოსახლეობის ნაციონალურმა თუ კუთხურმა მრავალფეროვნებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ცალკეული სოფლებისა თუ საკუთრივ ქალაქის უბნებისა და დასახლებების ჩამოყალიბებაზე.

რომანოვკა ( ალ . ყაზბეგის, ვაჟა - ფშაველა, დ . გურამიშვილის ქუჩა). სახელწოდება მიიღო რუსეთის სამეფო გვარიდან, რომანოვების 300 წლისთავის აღსანიშნავად. იგი რევოლუციამდე ცალკე ტერიტორიულ ერთეულს წარმოადგენდა და არ შედიოდა ქალაქის შემადგენლობაში. 1918 წელს რომანოვკა, როგორც ცალკე ერთეული გაუქმდა და ლაგოდეხს გადაეცა. რომანოვკის ტერიტორიაზე მდებარეობს ციხე - სიმაგრე ლაკუასტი და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია.

კალინოვკა ( ახალგაზრდობის, კავკასიონის და მეგობრობის ქუჩები). 1857_1859 წლებში ალექსანდრე პირველმა აქ პოლონეთის აჯანყების მონაწილეები ჩაასახლა. მოგვიანებით, მეფის მთავრობამ აქ რუსები და უკრაინელები ჩამოასახლა. 1920 წელს აქ გაიხსნა კალინინის სახელობის კოლმეურნეობა და უბანს ხელოვნურად ეწოდა კალინოვკა

ვაშლოვანი _( ვაშლოვანმის ქუჩა ) _ სახელწოდება მიიღო ძველი ნასოფლარისგან, რომელიც ლაგოდეხის ჩრდილო - დასავლეთით მდებარეობს, სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. სწორედ ლაგოდეხის ვაშლოვანია აღწერილი ი. გოგებაშვილის მოთხრობაში « იავნანამ რა ჰქმნა ?»

ჯავახლების უბანი   ( ჯანელიძის ქუჩა ) _ სახელწოდება მიიღო აქ კომპაქტურად დასახლებული მესხების გამო, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიერ 1918 წელს იქნენ ჩამოსახლებულნი. ქალაქ ლაგოდეხის გარდა მესხები ცხოვრობენ სოფელ ხიზაბავრაში და ხიზაში.

Share page